ტურისტებისთვის 31 000 ლარის გამოძალვის ბრალდებით კლუბ „შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერი, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

გამოძიების მიხედვით, კლუბის მენეჯერმა უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა – 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.