თურქეთს არ შეუძლია, დაბლოკოს რუსული ხომალდები, რომლებიც ბაზებზე ბრუნდებიან - ჩავუშოღლუ

პუბლიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინამ მიმართა ანკარას, არ გაატაროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსული სამხედრო ხომალდები, თუმცა, ჩავუშოღლუს თქმით, მონტროს კონვენციის შესაბამისად, თურქეთი ვერ დაბლოკავს რუსულ ხომალდებს.

თურქეთს მონტროს 1936 წლის კონვენციის შესაბამისად, შეუძლია ომის პერიოდში ან ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შემთხვევაში დაკეტოს სრუტეები, რომლითაც შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვას უკავშირდება.

მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამავე კონვენციით, რუსეთს აქვს უფლება, მოითხოვოს გემების შავ ზღვაში, თავიანთ ბაზებზე დაბრუნება. ამიტომ, ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთმა რომც მოინდომოს სრუტეების დაკეტვა, მხოლოდ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში მიმავალი ხომალდების დაბლოკვა შეუძლია და არა პირიქით.

„თუკი ქვეყნები, რომლებიც ჩაბმულები არიან ომში, მოითხოვენ თავიანთი ხომალდების ბაზებზე დაბრუნებას, მათი გატარება მოგვიწევს“, – წერს Reuters თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

უკრაინამ თურქეთს სრუტეების დაკეტვის თხოვნით 24 თებერვალს მიმართა, რათა შავ ზღვაში დამატებით მსოფლიოს სხვა წერტილებში არსებული რუსული ხომალდებიც არ შეიყვანოს.