„TV პირველზე“ მთავარი საინფორმაციოს თანაწამყვანი და დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი იქნება

პუბლიკა

„TV პირველის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანი ზაალ უდუმაშვილი იქნება. ის ამ დრომდე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მინდა ჩვენს მაყურებელს სასიხარულო ინფორმაცია გავუზიარო, ჩვენი მეგობარი ზალიკო, რომელმაც დათმო მანდატი, წამოვიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან, რათა ჩაებას იმ უსამართლო ომში, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს მედიის მიმართ“, – განაცხადა არხის დირექტორმა ვატო წერეთელმა „TV პირველის“ ეთერში.

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ზაალ უდუმაშვილი ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებას ეკო მაღრაძესთან ერთად ორშაბათიდან, 13 ივნისიდან წაიყვანს.

„რატომ დავბრუნდი მედიაში, თუ აქამდე ეს კითხვა ისმებოდა, მგონი, დღეს ამ კითხვას აღარ დასვამენ, განსაკუთრებით იმ რეზოლუციის შემდეგ, რომელიც დღეს მიიღო ევროპარლამენტმა, პირველ საფრთხედ შეფასებულია მედიის თავისუფლების [შეზღუდვა] და ის საშიშროება, რომლის წინაშეც დღეს ქართული მედია დგას და სწორედ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.