რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიური გაზეთ O Globo-სთან საუბრისას უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნების პირობები დაასახელა.
ლავროვის თქმით, მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭიროა, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ მოთხოვნილი ძირითადი პირობები შეასრულოს, რაც ითვალისწინებს NATO-ში გაწევრებაზე უარის თქმას და ნეიტრალურ სტატუსს.
ლავროვი ასევე იმეორებს, რომ რუსეთი უკრაინისგან ითხოვს, აღმოიფხვრას პოლიტიკა, რომელიც „ყველაფერი რუსულის მოსპობას“ ემსახურება და ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული იქნას რუსეთის ნაწილად. ასევე, მოითხოვს უკრაინის „დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციასა და სანქციების მოხსნას“.
„ჩვენი პოზიცია შეთანხმებასთან დაკავშირებით ცნობილია. კიევის უარი NATO-ში გაწევრიანებაზე და მისი ნეიტრალური სტატუსის დადასტურება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის 1990 წლის დეკლარაციის შესაბამისად კრიზისის საბოლოო მოგვარების ორი საფუძველია, რომელიც აკმაყოფილებს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს.
მეორე – 2014 წლის თებერვალში პუტჩის შედეგად ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობის შედეგების გადალახვაა, მათ შორის იმ ქმედებებისა, რომლებიც საკანონმდებლო და ფიზიკური გზებით სპობენ ყველაფერ რუსულს – ენას, მედიას, კულტურას, ტრადიციებს, კანონიკურ მართლმადიდებლობას.
აუცილებელია ყირიმი, სევასტოპოლი, DPR, LPR, ხერსონის ოლქი და ზაპოროჟიე საერთაშორისოდ აღიარებული იყოს რუსეთის ტერიტორიებად. კიევის ყველა ვალდებულება უნდა იყოს იურიდიულად უზრუნველყოფილი, ჰქონდეს აღსრულების მექანიზმები.
დღის წესრიგში არის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ამოცანებიც, სანქციების მოხსნა, საჩივრები და დაპატიმრების ორდერები, დასავლეთში „გაყინული“ რუსული აქტივების დაბრუნება. ჩვენ ასევე გვსურს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები NATO-ს, ევროკავშირისა და მათი ცალკეული წევრი ქვეყნების მტრული ქმედებებისგან“, – თქვა ლავროვმა.