უჩა აბაშიძესა და მის ცოლს ბრალდება წარედგინათ

პუბლიკა

პროკურატურამ ბლოგერ, უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარი იაშვილს „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე“ ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.

ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).

დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა.