„უცნობი“ ამბობს, რომ 2008 წელს პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ სააკაშვილს ტელევიზიის სიხშირის მიღებაზე შეუთანხმდა

პუბლიკა

გია გაჩეჩილაძე („უცნობი”) აცხადებს, რომ 2008 წელს შავნაბადაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ ტელევიზიის სიხშირეს შეჰპირდა, თუმცა „მეორე დღესვე გადაადგო”.

ამის შესახებ გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

„ინაუგურაცია 23 იანვარს იყო და ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე მაშინ, რომელიც არ ვწყნარდებოდი და არ ვეგუებოდი სააკაშვილის მოპარულ არჩევნებს. მომინახეს მეგობარი, რომელსაც დაარეკინეს ჩემთან. მან ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან. ჰოდა, ავედით სააკაშვილთან, მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. რომ ავედით, იქ ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რომ რა ვქნა, რა გავაკეთოო, ოღონდ ახლა შენ გაჩერდიო და პირდაპირ სიტყვებს მეუბნება – მეტს აღარ ვიზამო. მეთქი, არ გიჯერებ მაგას, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე. კი ბატონო, წაიღეო. უბრალოდ კენია ხო არა ვართო, მილიონობით სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო. ახლა ავტეხოთ სისხლისღვრა, ერთი ამბავი. ხო იცი, რო შეგვიძლია ისე რომ თან არც არავინ გააშუქებს რა მოხდაო, კარგი-მეთქი, სხვა რა გაზა მქონდა… სიხშირე არ მიმიღია, გადამადგო, მეორე დღესვე გადამადგო“, – ამბობს გაჩეჩილაძე.