უძრავი ქონებისა და წილის გამოძალვის ბრალდებით უდესიანის მიმართ დევნა დაიწყო

პუბლიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილის გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ბრალდებით, ბიზნესმენ გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ასევე, უწყების თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ზაზა გუგავას მიმართ. პროკურატურის პოზიციით, გუგავაც გამოძალვის მონაწილე იყო.

„საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 9 ნოემბერს, გ.უ.-ს ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გ.უ. და ზ.გ. იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას, მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით.

დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ.უ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე.ლ-ს. მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.