უკანონოდ გათავისუფლებული ექიმის გამო „ევექსის ჰოსპიტლებს“ კომპენსაციას გადახდა დაეკისრა - პროფკავშირი

პუბლიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა უკანონოდ გათავისუფლებული ექიმის, ნანა რურუას სამსახურიდან გაშვების ბრძანება და სს „ევექსის ჰოსპიტლებს“ (იგივე იაშვილის საავადმყოფოს) დააკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა.

პროფკავშირის ცნობით, ნანა რურუა 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად გაიხსნა ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი, მუშაობდა შპს „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმის პოზიციაზე, უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

პროფკავშირში ამბობენ, რომ 2017 წლის ნოემბრის ბოლოს საავადმყოფოში დაიწყო სამედიცინო პერსონალისთვის ღირსების შემლახავი, დამამცირებელი პროცესები. თანამშრომლებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ე.წ. „გასათავისუფლებელ პირთა სიების” შესახებ.

„ამ გარემოებების გამო, ისევე როგორც ყოველთვის, როდესაც დასაქმებულების უფლებების შელახვაზე იყო საუბარი, ნანა რურუამ გამოხატა უკმაყოფილება და არაერთხელ მოუწოდა მმართველ რგოლს, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, (რომ არაფერი ვთქვათ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პირების უფლებებზე), გამოესწორებინათ მდგომარეობა და არ ჩაეყენებინათ პერსონალი არსებულ გაურკვეველ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში.

სწორედ იმის გამო, რომ ნანა რურუამ გააპროტესტა დასაქმებულთა უფლებების შელახვა, გააჟღერა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მსგავსი დამოკიდებულება, მის პერსონალთან იყო არასწორი და ამავდროულად ეს პირდაპირ შეიძლება დაკავშირებულიყო პაციენტის უფლებების შელახვასთან, 2017 წლის 1 დეკემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან “, – ამბობენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

ექიმის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.

LB loan image desktop LB loan image mobile