უკრაინამ ხერსონის მიმართულებით 4 სოფელი გაათავისუფლა - CNN

პუბლიკა

CNN უკრაინელ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელებმა სამხრეთის მიმართულებით წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად ოთხი სოფლის დაბრუნება მოახერხეს. როგორც გამოცემა წერს, უკრაინული კონტრშეტევის მთავარი მიზანი ქალაქ ხერსონის გათავისუფლება იქნება.

„შეტევის მთავარი მიმართულება პრავდინესკენ იყო. ჩვენ თავს დავესხით ქვეითთა რაზმებს დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ. მათ კი უკან რუსეთის სახმელეთო ძალების შენაერთები მიჰყვნენ…

ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი თავდაცვის პირველი ხაზი სამგან არის გარღვეული“, – ამბობს უკრაინული წყარო CNN-თან.

გამოცემის ცნობით, გათავისუფლებული სოფლებია: ნოვა დმიტრივკა, არხანჰელსკიე, ტომინა ბალკა და პრავდინე.

„ბევრი მათგანი [მოწინააღმდეგე] დაიხოცა ან ტყვედ ჩავარდა. დიდი რაოდენობით ჯავშტანტექნიკა განადგურდა… ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, ჩვენი მიზანი ხერსონია“, – დასძენს უკრაინული წყარო.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით შეტევა გუშინ დაიწყო. მსხვილმასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყება დაადასტურეს უკრაინის ხელისუფლებაშიც. რუსულ საოკუპაციო ძალებზე შეტევაში ჩართულია ჯავშტანტექნიკა და ავიაციაც. გუშინ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები ხერსონის ოლქში სხვადასხვა ადგილას უკრაინელების მიერ მტრის ზურგში მიტანილი სარაკეტო იერიშების შესახებაც. მათ შორის, დაიბობმა ანტონოვსკის ხიდი და ნოვა კახოვკას დასახლება.