რუსეთში, ქალაქ ყუბანის სლავიანსკში უკრაინის თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმაც.
„ყუბანის სლავიანსკში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. გარდა ამისა, ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და კერძო სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია“, – განაცხადეს მათ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ასევე დაარტყა იაროსლავის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
„ჩვენმა მეომრებმა უკრაინის კონსტიტუციის დღე დიდი სიზუსტით დაიწყეს. წუხელ ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია. დარტყმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენ ასევე მივწვდით იაროსლავლის ოლქის გადამამუშავებელ ქარხანას, ჩვენი საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით.
ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციებს, რომლებიც ასუსტებს რუსეთის უნარს, აწარმოოს ეს ომი. ჩვენი თითოეული შორ მანძილზე მოქმედი „სანქცია“ ნიშნავს ნაკლებ რესურსს რუსეთის სამხედრო მანქანის სამსახურში და კიდევ ერთ ნაბიჯს მშვიდობისკენ. ჩვენ კვლავაც ვუპასუხებთ რუსულ ტერორს. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს ამ შედეგებისთვის! მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. თითოეული, ვინც უკრაინას იცავს, ასევე განამტკიცებს კონსტიტუციის ძალას“, – დაწერა ზელენსკიმ.
რაც შეეხება რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე, უკრაინული მედიის ცნობით, 28 ივნისის ღამეს რუსეთმა დაარტყმები განახორციელეს ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით, ექვსი ბალისტიკური რაკეტით და 142 უპილოტო საფრენი აპარატით.
სამხედროების ცნობით, მათ მოახერხეს ერთი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის, ექვსივე ბალისტიკური რაკეტის და 125 დრონის ჩამოგდება ან ჩახშობა.
28 ივნისს ღამით კიევსა და რიგ რაიონებში მტრის რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა; დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.