უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე, დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ისტრის რაიონის სოფელ პიონერსკიში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ სამი კი დაშავდა. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქის თავზე 81 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
დრონებით შეტევა განხორციელდა სტავროპოლის მხარეზეც. რეგიონის გუბერნატორის, ვლადიმერ ვლადიმეროვის ინფორმაციით, შპაკოვის რაიონის სამრეწველო ზონაში, მათ შორის ნავთობსაცავის ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა.
„თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია შპაკოვის რაიონის ვიაზნიკის სამრეწველო ზონაში“, – დაწერა ვლადიმეროვმა ტელეგრამზე. გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ დრონების საფრთხე რეგიონში კვლავ შენარჩუნებულია.
უკრაინა ბოლო თვეებში რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. კიევი აცხადებს, რომ ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საპასუხო ქმედებაა.
ამ ფონზე, უკრაინის მოკავშირეები დღეს, 13 ივლისს პარიზში იკრიბებიან, რათა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისა და ომის დასრულების გზებზე იმსჯელონ. აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა ბოლო თვეებში შეფერხდა, რადგან ვაშინგტონის ყურადღება ირანზე გადავიდა.