უკრაინას სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს, ვერ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაუშვეს ოკუპაცია - ზალკალიანი

პუბლიკა

„რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც უკრაინის წარმომადგენელთან ერთად მივიღე მონაწილეობა დებატებში და ღიად დავაფიქსირე ჩემი უკრაინული მხარისადმი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის ნათელი მაგალითია ჩემი საჯარო განცხადებები და რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ზარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან. არაოფიციალურად ჩემს უკრაინელ კოლეგას ვესაუბრები რამდენჯერმე, ეს მხარდაჭერა მათთვის არის ნათელი, არცერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს არ აქვს განსხვავებული განცდა“, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში წამყვანის შეკითხვას – უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამწვავების ფონზე რამდენად საკმარისია განცხადებები, რომელიც კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

„ვინ გვაკრიტიკებს? გაგიგიათ ერთი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების? ცდილობენ შექმნან ნარატივი და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებლები და ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები. თავად არ იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დაუშვეს რუსეთის აგრესია და ოკუპაცია? ეს არის მიუღებელი, ორმაგი სტანდარტი და ამორალური. უკრაინას ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაუშვეს ოკუპაცია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.