უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, უფრო შორს წასვლა არაა საჭირო, ბირთვული ომის უფსკრულში - ლუკაშენკა

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ საჭიროა, დასრულდეს უკრაინაში წამოწყებული „კატატონიური კრიზისი და ომი“. ამის შესახებ ლუკაშენკამ ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო France Presse-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„მოდი, შევჩერდეთ და შემდეგ გადავწყვიტოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ. იქნებ იმის დროც მოვიდეს, რომ საერთოდ გადავხედოთ საზღვრების საჭიროებას. ყველაფერი ისედაც აქეთ მიდიოდა – ჩვენ ვმოძრაობდით თავისუფლად, საზღვრები თანხმდებოდა.

ამიტომ, მოდი, შევაჩეროთ. არ დგას იმის საჭიროება, რომ უფრო შორს წავიდეთ. უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია“, – განაცხადა ლუკაშენკამ France Presse-თან საუბრისას.

ლუკაშენკას თქმით, ის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და სჯერა, რომ თუ დასავლეთიც მოინდომებს, ყველაფერი ძალიან მალე და კარგად დასრულდება, ხალხი კი მშვიდობიანად იცხოვრებს.

შეკითხვის საპასუხოდ, თუ როგორ აფასებს ბელარუსის როლს უკრაინასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ თქვა, რომ მშვიდობის დამყარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებში ის პირველია და ბელარუსის როლს „უდიდესად“ აფასებს.

„როგორც კი ეს კონფლიქტი დაიწყო, მე დეტალების გარეშე უკვე ვიცოდი, რაც ხდებოდა და რა მოხდებოდა.

მთელი დღე ვურეკავდი ზელენსკის და ვთხოვე: – ვალოდია, გთხოვ, დაჯექი მოლაპარკების მაგიდასთან. ეს არ არის შენ წინააღმდეგ, საჭიროა კომუნიკაცია. ნებისმიერი მშვიდობა სჯობს ყველაზე კარგ ომს“, – თქვა ლუკაშენკამ.

ლუკაშენკომ დაამატა, რომ ამის შემდეგ ბელარუსმა მოლაპარაკებების რამდენიმე წარმატებულ რაუნდსაც უმასპინძლა, მაგრამ მოგვიანებით, დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლით ის უკრაინამ შეაჩერა.

ომის დაწყებაში კი ბელარუსის პრეზიდენტი დასავლეთს ადანაშაულებს. მისი თქმით, სწორედ დასავლეთმა წამოიწყო ომი და ხელს უწყობს მის გაგრძელბას, თანაც ამის დამტკიცება „ასი პროცენტით“ შეუძლია.