უკრაინაში ომის გამო მიგვაჩნდა, რომ მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო - პრემიერი

პუბლიკა

„მაშინ, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და საქართველოს მთავრობის თითოეულ წევრსაც მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას – რატომ ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საზღვარგარეთ ვიზიტებზე.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო ვიზიტებს საქართველოს პრეზიდენტი უნდა ათანხმებდეს საქართველოს მთავრობასთან.

„ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე და აქვე დავამატებდი, რომ ისევ საგარეო კონსტიტუციის მიხედვით საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა დანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა მან.


პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტია სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამარართლოს მიმართავენ.