უკრაინის მხარდასაჭერ მიმართვაში რუსეთს არც საკრებულოს უმრავლესობა ახსენებს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა უკრაინის მხარდასაჭერ მიმართვას ავრცელებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის მსგავსად, რუსეთი არც საკრებულოს უმრავლესობის მიერ მომზადებულ განცხადებაშია ნახსენები.

„ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“,- ნათქვამია განცხადებაში.