უკრაინის ომბუდსმენი: ოკუპანტები აწამებენ და კლავენ მედიის წარმომადგენლებს

პუბლიკა

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში ოკუპანტები კლავენ და აწამებენ პრესის წარმომადგენლებს.

მისი ინფორმაციით, ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი რუსებმა ჯერ დაატყვევეს, შემდეგ დახვრიტეს და მისი ცხედარი ქუჩაში დააგდეს. დენისოვას თქმით, რეჟისორის ცხედარი მისმა მეუღლემ სიცოცხლის რისკად გამოიყვანა და ლიეტუვაში გადაასვენა.

„რეჟისორის გარდაცვალების რეალური მიზეზი აქამდე არ ცხადდებოდა, მისი მეუღლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ომბუდსმენმა

დენისოვას განცხადებით, რუსების ხელით დაიღუპა ჟურნალისტი, მწერალი, მოხალისე, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირისა და მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი ევგენი ბალი.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ბალი საკუთარ სახლში დააკავეს, თითქოსდა უკრაინელ სამხედროებთან მაკომპრომეტირებელი ფოტოების ქონის მიზეზით.

„სამი დღის შემდეგ სასტიკი ცემის შემდეგ გაათავისუფლეს. 2 აპრილს ევგენი ბალი გარდაიცვალა. მისი სიკვდილი იყო წამების შედეგი“, – აღნიშნა დენისოვამ.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ჟურნალისტების მკვლელობა და წამება არის ჰააგის კონვენციებისა და დეკლარაციების, ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების და ომის კანონების შესახებ კონვენციის უხეში დარღვევა.