უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ დღეს, 14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის დაკავების ორდერი გასცა. ერმაკს ფულის გათეთრება ედება ბრალად.
სასამართლომ ერმაკს საპატიმრო გირაო დააკისრა, 140 მილიონი გრივნის ოდენობით, რაც 3,19 მილიონი აშშ დოლარია. თანხის გადახდამდე ის საპატიმროში რჩება, გადახდის შემდეგ კი გათავისუფლდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ერმაკმა თქვა, რომ „ამდენი ფული არ აქვს“, თუმცა მისი ადვოკატი „იმუშავებს მეგობრებთან და ნაცნობებთან (გირაოს თანხის მოსაგროვებლად)“.
მისივე განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას სამართლიანობისა და სიმართლის დასადგენად“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
11 მაისს უკრაინის ხელისუფლებამ ერმაკი კორუფციის მასშტაბურ საქმეში ეჭვმიტანილად გამოაცხადა.
უკრაინის ანტიკორუფციული უწყებების განცხადებაში ნათქვამია, რომ ერმაკი ეჭვმიტანილია კრიმინალური დაჯგუფების საქმეში, რომელიც კიევის გარეთ, ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის საშუალებით დაახლოებით 10,5 მილიონი დოლარს გათეთრებას ეხება.
ეს საქმე უფრო ფართო გამოძიების ნაწილია, რომელიც მაღალი დონის კორუფციას ეხება. აღნიშნული გამოძიება გასულ ნოემბერში დაიწყო, როდესაც ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს სახელმწიფო ატომურ სააგენტოში 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციული სქემის მართვაში დასდეს ბრალი.
ერმაკი განიხილებოდა უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიან პირად ზელენსკის შემდეგ; მას უდიდესი გავლენა ჰქონდა უკრაინის პოლიტიკის დიდ ნაწილზე, მიუხედავად იმისა, რომ არჩევითი თანამდებობა არ ეკავა.
ერმაკი იყო კიევის მთავარი წარმომადგენელი აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.