უკრაინულ ენაზე განცხადების გამო პაპუაშვილმა ენმ-ის დეპუტატს შენიშვნა მისცა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე უკრაინელ ხალხს უკრაინულ ენაზე მიმართა და მხარდაჭერა გამოხატა მათ მიმართ. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტში სამუშაო ენა ქართულია.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა, მოგმართოთ – საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულია. აფხაზეთში – აფხაზური, ამიტომ თუ გსურთ, პატივისცემა სხვა სახელმწიფოს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეთ საკუთარ სახელმწიფოს და სახელმწიფო ენას. საქართველოს პარლამენტში სამუშაო ენა ქართულია და ამიტომ მოგიწოდებთ სხვა შემთხვევისთვისაც და, ზოგადად, ქართულად უნდა მიმართოთ, რადგან თქვენ უპირველესად გისმენენ საქართველოს მოქალაქეები.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.