როგორც რუსული ტელეგრამ-არხები იტყობინებიან, 23 აგვისტოს ღამით, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ ორენბურგს და დარტყმა მიაყენეს კომპანია Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრს,
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, სავარაუდოდ, ჩანს, თუ როგორ ამოდის კვამლი საწყობიდან იერიშის შემდეგ. სავარაუდო დარტყმამდე რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
ეს უკრაინის მიერ Ozon-ზე – რუსეთის სიდიდით მეორე ონლაინ-მარკეტპლეისსა და Wildberries-ის მთავარ კონკურენტზე – განხორციელებული მეორე თავდასხმაა. პირველი თავდასხმა კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებზე ერთი ღამით ადრე, 22 აგვისტოს, სამარის ოლქზე მოხდა.
უკრაინის სამხედრო უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ზიანის სრული მასშტაბიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
Wildberries-ის ობიექტებზე თვეების განმავლობაში განხორციელებული იერიშების შემდეგ, უკრაინის არმიამ, როგორც ჩანს, ყურადღება Ozon-ის ლოკაციებზე გადაიტანა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, კომპანია სამხედრო დანიშნულების საქონელს ყიდის.
„ორმაგი დანიშნულების საქონლის შენახვის ცენტრებზე სისტემატური დარტყმები მტერს ფუნქციონირებას ურთულებს და უარყოფითად მოქმედებს რუსეთის საერთო ეკონომიკაზე“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 22 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ.
ორენბურგი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში, ყაზახეთის საზღვართან ახლოს, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 000 კილომეტრის (620 მილის) დაშორებით.