უნგრეთში პოლიციამ ბინადრობის ობლიგაციების პროგრამის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
პროგრამა, რომელსაც ხშირად „ოქროს ვიზების“ სახელითაც მოიხსენიებენ, 2013-2017 წლებში მოქმედებდა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს უნგრეთში ბინადრობის მიღების შესაძლებლობას აძლევდა.
წლების განმავლობაში უნგრული საგამოძიებო მედია პროგრამის გარშემო არსებულ ბიზნესკავშირებსა და მის შესაძლო უსაფრთხოების რისკებს იკვლევდა. ამ მასალებში არაერთხელ გამოჩნდა ქართულ-ისრაელელი ბიზნესმენის, შაბთაი მიხაელის სახელი.
შაბთაი მიხაელი 2025 წელს უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა.
უნგრეთის ბინადრობის ობლიგაციების პროგრამა 2012 წელს, ორბანის ხელისუფლების გავლენიანი პოლიტიკოსის, ანტალ როგანის ინიციატივით შეიქმნა.
პროგრამით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს უნგრეთში ბინადრობის უფლების მისაღებად სპეციალურ სახელმწიფო ობლიგაციებში 250-300 ათასი ევროს ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ინვესტიცია ხუთწლიანი იყო, რის შემდეგაც თანხის ძირითადი ნაწილი უკან ბრუნდებოდა, ხოლო მიღებული ბინადრობის უფლება ინვესტორს უნგრეთში ცხოვრებისა და შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევდა.
ასეთ პროგრამებს ზოგადად „ოქროს ვიზებს“ უწოდებენ.
უნგრეთში მოქალაქეები ობლიგაციებს პირდაპირ სახელმწიფოსგან არ ყიდულობდნენ. მათ შორის შუამავალი კომპანიები იდგა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იყო შერჩეული.
ამ კომპანიების საქმიანობამ არაერთი კითხვა გააჩინა, ვინ იღებდა ამ სისტემიდან ყველაზე დიდ ფინანსურ სარგებელს და რატომ იყო კომპანიების საკუთრების სტრუქტურა ხშირად გაუმჭვირვალე.
გამოცემა Direkt36-ის ინფორმაციით, შუამავალი კომპანიები თითოეული ინვესტორისგან დაახლოებით 40-60 ათას ევროს მომსახურების საფასურს იღებდნენ. პროგრამის ხუთი წლის განმავლობაში კი 6621 ობლიგაცია გაიყიდა და ოჯახის წევრების ჩათვლით თითქმის 20 ათასმა უცხოელმა მიიღო უნგრეთის ბინადრობის უფლება.
ეს პროგრამა 2017 წელს გაუქმდა, თუმცა ფინანსური და უსაფრთხოების საკითხები დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
2026 წლის სექტემბერში უნგრეთის პოლიციამ ბინადრობის ობლიგაციების პროგრამის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზი იყო Transparency International-ის მიერ შეტანილი განცხადება, რომელშიც ორგანიზაცია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამომწვევი არაკეთილსინდისიერი ქონების მართვის ეჭვზე მიუთითებდა. საქმე თავდაპირველად პროკურატურაში შევიდა, შემდეგ კი ბუდაპეშტის პოლიციას გადაეცა.
Transparency International-ის შეფასებით, პროგრამაში მონაწილე შუამავალმა კომპანიებმა იმ პერიოდში დაახლოებით 60 მილიარდი ფორინტის ოდენობის მოგება მიიღეს. ორგანიზაცია ასევე ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ საბოლოო ჯამში ფინანსური ზარალი ნახა.
ამ პროგრამის რუსულ მიმართულებას უკავშირდება საქართველოს საპატიო კონსულის, შაბთაი მიხაელის სახელი.
შაბთაი მიხაელი ქართველ-ებრაელი ბიზნესმენია, რომელსაც უნგრეთის მედიაში წლებია, ორბანის ხელისუფლების გავლენიან პოლიტიკოსთან, ანტალ როგანთან დაახლოებულ ბიზნესწრესთან აკავშირებენ.
მიხაელის სახელი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი, რაც უნგრეთის საგამოძიებო ჟურნალისტურმა ცენტრმა Direkt36-მა მისი კავშირი გამოიკვლია კომპანიასთან, რომელიც რუსეთში უნგრეთის ბინადრობის ობლიგაციებს ყიდდა.
მედიის ცნობით, ეს კომპანია იყო VolDan Investment Limited, რომელიც ლიხტენშტეინში იყო რეგისტრირებული და რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უნგრეთის ბინადრობის ობლიგაციების გაყიდვის უფლება ჰქონდა. Direkt36-მა მოიპოვა შიდა დოკუმენტები, რომლებზეც დაყრდნობით გამოცემა წერდა, რომ მიხაელი VolDan-ის საქმიანობაში უშუალოდ მონაწილეობდა.
მიხაელმა Direkt36-ს მაშინ განუცხადა, რომ ამ საქმესთან „არაფერი ჰქონდა საერთო“ და დოკუმენტებზე კითხვებს არ უპასუხა.
2026 წლის ივნისში უნგრულმა გამოცემამ, 444.hu-მ დაწერა, რომ უნგრეთის არჩევნებიდან ხუთი დღის შემდეგ მიხაელი ბუდაპეშტში შეხვდა რადნაი ლასლოს, რომელიც ოპოზიციური პარტია „ტისას“ ვიცე-პრეზიდენტის, რადნაი მარკის მამაა.
რადნაი ლასლომ შეხვედრის ფაქტი თავადაც დაადასტურა. მისი თქმით, მიხაელი მას რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდა და შეხვედრა თავდაპირველად ოჯახური მიზეზით ითხოვა. საუბრისას კი მიხაელმა რადნაი მარკთან შეხვედრის შესაძლებლობაც წამოჭრა. რადნაი ლასლოს თქმით, მან ეს წინადადება უარყო.
რადნაი ლასლომ 444.hu-ს განუცხადა, რომ მისი შთაბეჭდილებით მიხაელს შეხვედრით საკუთარი მდგომარეობის „გასუფთავებაში“ დახმარება სურდა.