უვადო და ხანგრძლივი შვებულება დავიმსახურე - რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს

პუბლიკა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის თქმით, ის უკვე 15 წელია მართავს ჩეჩნეთს და ძალიან გაუგრძელდა თანამდებობაზე ყოფნის დრო. ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა უკვე უვადო შვებულება დაიმსახურა.

„თავად შევამჩნიე, რომ ერთ ადგილზე ზედმეტად დიდხანს ვარ. მიმაჩნია, რომ სრულიად დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება,“ – თქვა კადიროვმა თავის Telegram არხზე გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.

კადიროვის თქმით, აღმოაჩინა, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს შორის ის ყველაზე ხანგრძლივად იმყოფება თანამდებობაზე. კადიროვმა მოიშველია გამოთქმაც, რომელიც მისი თქმით, ჩეჩნეთშია გავრცელებული, რომ სტუმარი სასურველია, მაგრამ კიდევ უფრო სასურველია, თუკი ის დროულადაც მიდის.

„ასე რომ ვფიქრობ ჩემი დროც მოვიდა, სანამ გამაგდებენ“, – დასძენს კადიროვი.

რამზან კადიროვს არ დაუზუსტებია დატოვა თუ არა უკვე თანამდებობა ან როდის გეგმავს გადადგომას. ის ჩეჩნეთის სათავეში 2007 წლიდან იმყოფება.