ვაიმარის სამკუთხედის წევრები თბილისში „ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პუბლიკა

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაციის წევრები თბილისში არიან და პოლიტიკოსებს ხვდებიან. ისინი შეხვდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეი და პოლონეთის საგაერო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სამივე ქვეყნის ელჩები საქართველოში.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილს დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობაში შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ მხარეებმა „ერთმანეთს გადასცეს მთავარი გზავნილები – აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს“.

მახაშვილისვე თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებს.

რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრას – „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ თქვა, რომ მიმოიხილეს არსებული გამოწვევები.

„არავითარი დალაგება ქოცურ ფასად არ იქნება. თუ „ქართული ოცნების“ რეჟიმს სურს ურთიერთობების ნორმალიზება, იქნება ეს ევროკავშირთან თუ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ მოუწევთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების დანიშვნა და ურთიერთგანადგურებაზე მიმართული პოლიტიკის შეწყვეტა“, – თქვა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

„იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ თავს ესხმის ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ვიზიტი. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვესმის სირთულეები, ის, რაც ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა საქართველო არ დატოვონ ამ რთულ ჟამს მარტო“, – თქვა გახარიას პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა.