„ვაპროტესტებთ უმსგავსობას და ამორალურ საქციელს, რაც სეუ-ს რექტორმა ჩაიდინა“ - სტუდენტები აქციას მართავენ

პუბლიკა

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (სეუ) სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

„ბოდიში არ ტეხავს“, „სტუდენტების ჩაგვრა უნდა დასრულდეს“, „მაგრად გეშლება“ – ამ შინაარსის ბანერებით სტუდენტები სეუ-ს რექტორთან შეხვედრას მოითხოვენ.

„მოვითხოვთ რექტორთან შეხვედრას, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პრეტენზიები და ხმა ავიმაღლოთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ხდება სეუ-ში.

აქედან ჩვენ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები გადავინაცვლებთ განათლების სამინისტროსთან. მოვითხოვთ, პროცესში ჩაერთონ არასამთავრობო  ორგანიზაციები და გაეცეს ადეკვატური პასუხი ამ უსამართლობას. სტუდენტების ჩაგვრა უნდა დასრულდეს“, – აცხადებს სტუდენტი დავით ჩხობაძე.

პროტესტის საბაბი მედიაში გასული აუდიოჩანაწერი გახდა, რომელშიც ისმის, როგორ აყენებს რექტორი გია კავთელიშვილი სტუდენტს შეურაცხყოფას და სტატუსის შეჩერებით ემუქრება.

„ვაპროტესტებთ უმსგავსობას და ამორალურ საქციელს, რაც სეუ-ს რექტორმა ჩაიდინა. გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც იგი გამოირჩევა სიტყვიერი შეურაცხყოფით სტუდენტების მიმართ. იგი არაერთხელაა შემჩნეული და მხილებული მსგავს ამორალურ ქმედებებში.

ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, როგორც ის სოციალურ ქსელებში ახდევინებდა ბავშვებს ბოდიშს და ქუჩის წესებით დადგენილ რაღაცებს აკეთებინებდა სტუდენტებს, გვინდა, მსგავსად, სახალხოდ მოუხადოს სტუდენტებს ბოდიში. ასევე, მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, მას მივწერეთ უკვე, მოახდინოს მყისიერი რეაგირება“, – აცხადებს სტუდენტი ლუკა ჭოხონელიძე.

კრიტიკული პოსტის გამო რექტორისგან მუქარასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს სტუდენტი:

„დავწერე კრიტიკული პოსტი, უნივერსიტეტს ვუწოდე „საქაჯეთი“. დამიკავშირდა რექტორი და იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, გარიცხვის მუქარა, ჩემი ოჯახის მიმართ ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვები და მუქარა და მომთხოვა ბოდიშის მოხდა“, – ამბობს ის.

მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ, სავარაუდოდ, რექტორი სტუდენტს მიმართავს რომ თუ რამე არ მოსწონს, შეუძლია „დაახვიოს“, რომ ის სადიპლომოს ვერ დაწერს, რადგან სტატუსი შეუჩერდება, და რომ ის არის „ქაჯი“.

„ასეთი ვირი სად გაიზარდე, ბიჭო, ბოდიში მომიხადე, რომ რეკავ შუაღამისას, მამაშენი არის ხელოსანი, წმინდანი კი არ არის, ეკლესიას რომ აშენებს, გამოდის ხელოსანი, ან დურგალია ან რაღაცა, ფულს იღებს ეკლესიის აშენებაში, იმიტომ ვერ გაგზარდა კაცი და გაიზარდე ვირი“, – ისმის ჩანაწერში.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თამარ ლომიძეს სეუ-მ სტუდენტის სტატუსი მისი ფეისბუქპოსტის გამო შეუჩერა.

თამარ ლომიძე მედიასთან იხსენებს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სეუ-ს რექტორმა სტიპენდიანტების ჩატში უნივერსიტეტის შესახებ ერთ-ერთი სტუდენტის კრიტიკული პოსტი გააგზავნა და თქვა, რომ მსგავსი პოსტების ავტორები გამოსაშვებ საღამოზე ვერ მოხვდებოდნენ.

„ამაზე მე დავწერე ძალიან მარტივად რომ მიუხედავად იმისა, რომ მესამე კურსის სტუდენტი ვარ და გამოსაშვებ საღამოზე მისვლა არ მიწევს, ვიტყვი, რომ ეს თანასწორობის ფარგლებში არ ექცევა და ყველა სტუდენტი იმსახურებს გამოსაშვებზე მისვლას, ამას მისი პოსტი არ უნდა განსაზღვრავდეს-მეთქი. აქ უკვე დაიწყო შეურაცხყოფა, რომ აი, „არაფერი გაგიკეთებია ცხოვრებაში, მხოლოდ ამბიციები გაქვს, გრძელი ენის პატრონი ხარ“ – ასეთი რეპლიკები იყო მისგან“, – ამბობს სტუდენტი.

თამარ ლომიძის თქმით, რექტორთან მიმოწერის შემდეგ პოსტი დაწერა:

„მხოლოდ ქართულ უნივერსიტეტებში ზღუდავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლებას და მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტს აქვს პატივისა და ღირსების უფლება…

რომ ამ ყველაფერთან ერთად გრძელი ენაც მქონია, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ჩემი უფლებაა, მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც და ღიად ვამბობდე ამ ყველაფერს. ამის აკრძალვა სხვა არაფერია, გარდა სიბნელისა“.

ლომიძის თქმით, მის ამ პოსტზე ეთიკის კომისიამ იმსჯელა და დაასკვნა, რომ სტუდენტის ქმედება მიმართული იყო რექტორისა და უნივერსიტეტის რეპუტაციის წინააღმდეგ. კომისიამ სტიპენდიანტ სტუდენტს სტატუსი შეუწყვიტა. ლომიძემ სხვა უნივერსიტეტში მობილობით გადასვლაზე მოთხოვნა ერთ დღეში გააკეთა.

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა 6 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თამარ ლომიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა. რექტორს მედიასთან განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ეთიკის კომისიის მიერ თამარ ლომიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და უნივერსიტეტის რეგულაციებს.

თამარ ლომიძის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის ცალმხრივი და არაობიექტური, არ შეესაბამება მიმდინარე საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არსებულ მტკიცებულებებს. სტუდენტმა თავად დაადასტურა კომისიის წინაშე, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული საქმიანი რეპუტაციის შემლახავი საჯარო პოსტი იყო „პერსონიფიცირებადი და იდენტიფიცირებადი“, რაც გახდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია იყო დროული და საშუალებას აძლევდა სტუდენტ თამარ ლომიძეს, სემესტრის დაკარგვის გარეშე, ესარგებლა არა ორი, არამედ სამი სემესტრის განმავლობაში მობილობის უფლებით, რამაც მას მისცა შესაძლებლობა, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს სწავლა და კანონით დადგენილ ვადებში დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა“, – ნათქვამია განცხადებაში.