ვაქცინაციასა და ხანდაზმულთა სიკვდილიანობას შორის პირდაპირი კავშირი არაა - ნორვეგიის მედიცინის სააგენტო

პუბლიკა

ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, არ არსებობს ხანდაზმუთა სიკვდილიანობასა და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ნორვეგიაში ვაქცინაციის შესაძლო გვერდით ეფექტებზე მოკვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხანდაზმულთა მოვლის ცენტრებში 23 ისეთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც ვაქცინაცია ჰქონდა გავლილი. გარდაცვალების მიზეზების მოკვლევაზე ნორვეგიის ხელისუფლბასთან ერთად ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები Pfizer და BioNTech-იც მუშაობდნენ. თუმცა, ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს ხელმძღვანელი სტეინარ მადსენი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულთა გარდაცვალების შემთხვევები ვაქცინაციას არ უკავშირდებოდა.

„ყველა ამ პაცენტს ჯანმრთელოების ძალიან მძიმე პრობლემები ჰქონდა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, თითქოს მათი სიკვდილი ვაქცინამ გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. რთულია იმის მტკიცება, თითქოს მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა იყო“, – განაცხადა მადსენმა.

ნორვეგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით 42 000 იმ ადამიანს გაუკეთეს, ვინც რისკჯგუფებს წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ ხანდაზმულებიც. მადსენის თქმით, ვაქცინის მიერ გამოწვეულმა გარკვეულმა გვერდითმა ეფექტებმა მხოლოდ მძიმე ავადმყოფების მცირე რაოდენობაში შეიძლება მოახდინოს გავლენა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ნორვეგიის მედიცინის სააგენტოში აცხადებენ, რომ წინასწარვე ნათელი იყო, ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ იქნებოდა გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიიც უბრალოდ დროში დაემთხვეოდა მათთვის ვაქცინის გაკეთებას, რადგან ვაქცინაციის პროგრამა ყველაზე ხანდაზმულებითა და მძიმე ავადმყოფებით დაიწყო.