ვაქცინაციის გეგმა გათვლილია სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ზე - გამყრელიძე

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად ვაქცინაციის გეგმა გათვლილია სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ზე.

„ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას. ჯერჯერობით, 18 წლამდე  ვაქცინაციის კლინიკური კვლევები არ არის. ახლა იწყება 12 წლის ზემოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებით გაკეთებულია ფინანსური გათვლებიც და მიმდინარე წლის სავარაუდო ბიუჯეტი 65 მილიონიდან 170 მილიონამდე მერყეობს.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ წინასწარი გამოკითხვებით, მოსახლეობის 50-60%-ში არის ვაქცინის გაკეთების მზადყოფნა.

„მე ძალიან მინდა, რომ ეს 60% ავცრათ წელს. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე – მაგალითად, აღარ არის ყვავილი; პოლიომიელიტი, რომელიც წლის განმავლობაში 350 ათას ადამიანს კლავდა და დღეს მხოლოდ 2 ქვეყანაშია დარჩენილი. წითელა, რომელიც 5 წლამდე ბავშვებში ყოველწლიურად კლავდა დაახლოებით ნახევარ მილიონს. დღეს ეს ჩამოცილებულია 100 ათასს დიდი ხანია – ეს ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციამ. ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.