ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის I კვარტალი - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში დასრულდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის გეგმა განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი განისაზღვრა.

„ჩვენ ვართ გაერთიანებული covax-პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ pfizer-ის ვაქცინა. covax-პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს  სამინისტროს მხრიდან უნდა გაიგზავნოს საპასუხო წერილი, რომელშიც დეტალურად უნდა გავცეთ პასუხი იმის შესახებ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა და სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცის დაგეგმვის დოკუმენტში განხილულია ვაქცინის შემოტანის ტექნიკური მზადყოფნის სრული ჯაჭვი, ინვენტარიზაცია, პერსონალის გადამზადება; განსაზღვრულია ვაქცინაციის პრიორიტეტი ჯგუფები და ვაქცინაციის მიმართ სანდოობის ასამაღლებლად კამპანიის წარმოება.