ვენეციის კომისია: პრობლემურია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს

პუბლიკა

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ვერ იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, ვინაიდან მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. შესაბამისად, ეს პრობლემაა.

ვენეციის კომისია, რომელიც ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა კონსტიტუციურ საკითხებში. ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით დასკვნის მომზადების მოთხოვნით ვენეციის კომისიას შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 22 სექტემბერს მიმართა.

დასკვნის თანახმად:

„ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერაციული ავტონომიის ადეკვატური ნორმით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ღონისძიებებს, რათა მოახდინოს პოლიტიკური ან სხვა სახის გავლენის თავიდან ასაცილებლად, სპეციალიზებული ანტიკორუფციული უწყებისთვის ფუნდამენტურ მოთხოვნად განიხილება.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მოქმედი ინსტიტუციური დიზაინი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის პირთა აქტივებისა და დეკლარაციის მონიტორინგისთვის მისი კომპეტენციები კანონში დამატებითი დეტალების შეტანას საჭიროებს. ამასთან, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება ძირითადად პრემიერმინისტრის ხელშია”.

ანტიკორუფციული ბიურო „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წლის ნოემბერში, ევროკომისიის მე-4 რეკონენდაციისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნა.

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი არაერთხელ გააკრიტიკეს, ვინაიდან კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ქვეშ, საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე კი ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას.

NGO-ები პრობლემურად აფასებდნენ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესსაც, რადგან პრემიერ მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც მისი ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელი წინაპირობა და ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციის მოთხოვნაა. არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ამ გარანტიას უზრუნველყოფდა ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგად არჩევა.