„ვერ გამოვრიცხავ, საერთო წერტილი ვიპოვოთ“ - სარჯველაძე „გირჩის“ პირობებზე

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში შესვლის წინაპირობად „გირჩის“ მიერ დასახელებული საკითხების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, შესაძლებლობა არ მიეცა, „გირჩის“ მიერ ჩამოთვლილ საკითხებს  დეტალურად გასცნობოდა, ამიტომ შეფასებებს შემდეგ გააკეთებს. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ რა ინფორმაციაც აქვს იმის მიხედვით, შესაძლებელია პარტიასთან საერთო წერტილების პოვნა.

„ვფიქრობ, საკითხი არასწორად არის დაყენებული, რომ ამ მოთხოვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში, თუნდაც, ამას მოითხოვდეს სახელმწიფოს ინტერესი, ამ შემთხვევაში ბოიკოტის შენარჩუნება რა არგუმენტს ემყარება, კარგად გასაგები არ არის. შევეცდები, მათი დოკუმენტი კიდევ ვნახო. ეს არის ჩემი პირველადი შეფასება.

ვერ გამოვრიცხავ, საერთო წერტილი ვიპოვოთ, მაგრამ გამიჭირდება წინასწარ იმის თქმა, რომ რომელიმე პუნქტი დაკმაყოფილებას ექვემდებარება. ხშირ შემთხვევაში, ამ პარტიის აღქმები არის რელევანტური, მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებზე შეიძლება ყველაზე მეტად განსხვავებული პოზიციები გვქონდეს. მათი მხრიდან იმის აღიარება, რომ არჩევნების გაყალბების დასაბუთება ოპოზიციამ ვერ შეძლო, ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო და დასაფასებელია. თუმცა, არსებობს საკითხები, რაზეც შეიძლება, დიდი განსხვავება იყოს ხედვებს შორის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რა შემთხვევაში შეწყვეტს პარტია „გირჩი“ ბოიკოტს და შევა პარლამენტში? – ამ საკითხზე პარტიის წევრებმა საკუთარი პირობები და გეგმა თანამოაზრეებს უკვე გააცნეს.

„გირჩის“ გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია, პარტიის გაზეთის „მეტი თავისუფლების“ სპეციალურ გამოშვებაში, რომელსაც ჰქვია „სამეფოს დაბადება“.

სტატიაში „გირჩის გზა“ მოცემულია ის 7 პირობა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის წევრები მზად არიან, შევიდნენ პარლამენტში.