ვეტოს მოლოდინში | ოპოზიცია პრეზიდენტს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე მოსაზრებებს აცნობს

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილს შეხვდა.

ამ დროისთვის პრეზიდენტთან აუდიენციაზე იმყოფებოდნენ „გირჩის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები, ასევე – სალომე სამადაშვილი და, როგორც ცნობილია, დღის ბოლომდე პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს „რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე. ჯერჯერობით, უცნობია, პრეზიდენტის მოწვევა მიიღეს თუ არა ზურაბ ჯაფარიძემ და დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს გააცნო თავისი მოსაზრება ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე და უთხრა, რომ ამ კანონპროექტს ვეტო უნდა დაედოს.

„ვისაუბრეთ როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ მიმაჩნია სწორად, რომ ვეტოს გამოყენებით მოხდეს ამ კანონპროექტის თავიდან განხილვა და ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა. ასევე, გვქონდა საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ვისარგებლე შემთხვევით და პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი შეფასებები ამნისტიის კანონპროექტის შესახებ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პრეზიდენტს შეხვდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მას მოლოდინი გაუჩნდა, რომ შესაძლებელია, ზურაბიშვილმა ვეტო გამოიყენოს. მისი თქმით, შეხვედრაზე, გარდა ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილებებისა, განიხილეს, ასევე, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის საკითხი და ამნისტიის კანონპროექტები.

„დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია, იყოს, ოღონდ, ვეტოს მოჰყვება ასევე ის ალტერნატიული წინადადება, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. ნამდვილად არ ვიცით, რა იქნება ალტერნატიულ წინადადებებში. ჩემი პოზიცია, რა შემთხვევაში დავუჭერ მხარეს ვეტოთი შემოთავაზებულ წინადადებებს – თუ დაბრუნდება იმავე ნიშნულზე ჯარიმები და, ფაქტობრივად, გაუქმდება მისი საჯარიმო სანქციების ზრდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მხარსს დავუჭერთ“ , – განაცხადა ვაშაძემ.

„ლელოდან“ პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დავით უსუფაშვილი და კახა კოჟორიძე. ფაქტი, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო, უსუფაშვილისთვის იმის მანიშნებელია, რომ პრეზიდენტი ვეტოზე ფიქრობს.

„როდესაც თავად ვიყავი პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტო უმრავლესობას სასტიკად აღიზიანებდა და ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა. ასე არ უნდა იყოს, რადგან ვეტო არის ცივილიზებული ინსტრუმენტი. უმრავლესობა თუ ამ პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მიიღებს, კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.


პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 29 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ამ დრომდე პრეზიდენტს მასზე ხელი არ მოუწერია.

კანონპროექტს აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით, აქტივისტები. ცვლილებებს ნაჩქარევი, არასაჭირო და უსარგებლო უწოდა შეერთებული შტატების საელჩომ.


რა წერია კანონპროექტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამ მუხლში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მოამზადეს.

მათგან ერთი ეხებოდა ადმინისტრაციული დაკავების ვადას. მესამე მოსმენით მხარდაჭერილი პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით ეს ვადა გაზრდილია. კერძოდ, მოქმედი მუხლით, ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს წვრილმანი ხულიგნობის მუხლშიც.

არსებული კანონმდებლობით, წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის თანახმად, ამ მუხლს ემატება მეორე ნაწილიც, რომელიც ითვალისწინებს: წვრილმან ხულიგნობაზე ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის განმეორებით დარღვევა გამოიწვევს გაზრდილი თანხით დაჯარიმებას – 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონპროექტში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ამ ნაწილზე არ გავრცელდება კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება (რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს).

ცვლილებები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლში

არსებული კანონით (173-ე) პოლიციის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის თანახმად კი, იზრდება ჯარიმის ოდენობა და ასევე შემოდის პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე.

კერძოდ: პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ხოლო, განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტში შენიშვნის სახით აქაც აღნიშნულია, რომ მეორე ნაწილზე არ გავრცელდება კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება (რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს).