„ვეტოსთვის ობიექტური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“ | „ოცნება“ პრეზიდენტთან კანონპროექტის განხილვისთვის მზადაა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამატებითი ინფორმაციის მოსმენა სჭირდება, ამისთვის მმართველი პარტია მზად არის. ამის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის მიზანი არის ის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი სამართალდარღვევებზე რეაგირება.

„ჩვენი ახალი კანონმდებლობა რომ შევადაროთ ნებისმიერი ევროკავშირის წევრის კანონმდებლობას, ამერიკულ კანონმდებლობას…ჩვენი არის ბევრად რბილი და მეტად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, აქედან გამომდინარე, არავითარი კითხვის ნიშნების საფუძველი ამ კანონს არ აქვს, თუმცა ვინმეს თუ სურს განხილვა, განსაკუთრებით პრეზიდენტს, ბუნებრივია, ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მან.

კანონპროექტის ავტორი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენებისთვის არანაირი ობიექტური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, ცვლილებები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, შესაბამისად, ოხანაშვილი კითხვის ნიშნების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაელოდება.


უკვე მეორე დღეა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდება და მათგან ისმენს მოსაზრებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ოპოზიციის წევრეი აცხადებენ, რომ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 29 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ამ დრომდე პრეზიდენტს მასზე ხელი არ მოუწერია.

კანონპროექტს აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით, აქტივისტები. ცვლილებებს ნაჩქარევი, არასაჭირო და უსარგებლო უწოდა შეერთებული შტატების საელჩომ.