ვიდეო | 5 ივლისს ჩვენს ოფისს თავს დაესხნენ, თუმცა დაზარალებულის სტატუსი არ მოგვანიჭეს - HRHT

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRHT) ორგანიზაციის ოფისზე 2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი, ჰომოფობიური ჯგუფის მიერ თავდასხმის კადრებს ასაჯაროებს. შემთხვევის ამსახველი კადრები ორგანიზაციამ საგამოძიებო ორგანოსაც მიაწოდა.

ამასთანავე, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოითხოვა ორგანიზაციისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ამ სტატუსის მიღება და შედეგად შესაძლებლობა, გაეცნოს არსებული სისხლისსამართლებრივი საქმის მასალებს. თუმცა, HRHT-ის განცხადებით, „ადამიანის უფლებათა სახლს“ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა პროკურატურაში და ასევე გასაჩივრების შემდეგ – სასამართლოში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციის ეზოში 5 ივლისს ფიზიკური დაზიანება მიიღო ერთმა აქტივისტმა, ხოლო მეორე აქტივისტს მანქანა დაუზიანდა. თუმცა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, გამოძიებას დაზარალებულის სტატუსი ჯერჯერობით არც ამ პირებისთვის მიუნიჭებია.


„მას შემდეგ, რაც „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა სხვა ადგილები საფრთხის გამო დატოვეს და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში გადმოინაცვლეს, მოძალადე პირებმა  ორგანიზაციის ოფისის შენობის გარშემო დაიწყეს შეკრება. თავდაპირველად, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ორგანიზაციის შენობაში მყოფ ადამიანებს, შემდეგ კი შენობის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა ერთგვარ შურისძიებას „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებზე და მათ მხარდამჭერებზე: ლგბტქ+ ადამიანებზე, უფლებადამცველებზე, აქტივისტებზე, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“, მოძრაობა „სირცხვილიას“ და თბილის ადამიანის უფლებათა სახლში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე. შემთხვევისთანავე, ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, რომლის დახმარებითაც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მყოფმა პირებმა მოახერხეს სხვა უსაფრთხო ადგილას გადასვლა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმამ შენობაში მომუშავე ხუთ უფლებადაცვით ორგანიზაციას ყოველდღიურ საქმიანობაში შეუშალა ხელი, მათ თანამშრომლებს კი შეეზღუდათ ადგილის არჩევისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება, „რამდენადაც ისინი ფაქტობრივად მოძალადე ჯგუფების ალყაში აღმოჩნდნენ“. ორგანიზაციის განცხადებით, ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„როგორც ჩვენთვის საგამოძიებო ორგანოებისგან ცნობილია, საქმეზე  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ძირითადად მოწმეების გამოკითხვის სახით. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სამართლებრივ ინტერესებს იცავს მისი წევრი ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი“, – აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ  საფუძველს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად: დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური ან მატერიალური ზიანი მიადგა უშუალო დანაშაულის შედეგად. ხოლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტების თანახმად, დაზარალებული პირი არის არა მხოლოდ სავარაუდო დარღვევის უშუალო მსხვერპლი ან დაზარალებული, არამედ ნებისმიერი პირი (მათ შორის ირიბი დაზარალებულიც), რომელსაც ექნებოდა ნამდვილი და პირადი ინტერესი დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შესახებ.

„საქართველოში ბოლო პერიოდში ვხედავთ აგრესიული, ჰომოფობიური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო გააქტიურებას. მოძალადე ჯგუფები კვლავ სიძულვილის  ენას იყენებენ უფლებადამცველებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას უფლებადამცველები და ამ დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დაუსჯელობასთან ბრძოლა. საერთაშორისო ინსტიტუტები არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში უთითებენ სახელმწიფოს ვალდებულებაზე,  უზრუნველყოს უფლებადამცველების ეფექტიანი დაცვა და ჩაატაროს სწრაფი გამოძიება ნებისმიერ ქმედებებზე, რომლებიც მათ უფლებებს არღვევს. როდესაც სახელმწიფოები ვერ ახერხებენ უფლებადამცველების წინააღმდეგ სხვადასხვა აქტორების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას, მათი პასიურობა, შესაძლოა, შეფასდეს როგორც მსგავსი ფაქტების მიმართ შემწყნარებლობა“, – აცხადებს „ადამიანის უფლებათა სახლი“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოამჟღავნოს ნება და აშკარად დაუჭიროს მხარი უფლებადამცველებს და საქართველოს თავისუფალ სამოქალაქო სექტორს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უფლებადამცველებმა დაუბრკოლებლად ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, ხოლო ამ თავისუფლებების შემზღუდავმა პირებმა სათანადო პასუხი აგონ.