ვიდრე მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ - მდინარაძე მელიას პასუხობს

პუბლიკა

„მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს გეძახიანო, ბატონო ნიკა, ამის მოსმენა ცოტა ძნელია. იქნებ გაგვიგოთ, რადგან სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ – აქ ახლა ასე გელაპარაკათ თუ არა, აქ შემობრძანებულიყავით თუ არა, ასე იყავით მთელი თქვენი ცხოვრება ყველანი. ეს არის მონური მორჩილება, რასაც თქვენ აკეთებთ“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას.

„საქმეს რაც შეეხება, მაგას მე გადავწყვეტ, როდის და როგორ ვილაპარაკებ. პირველი დიაგნოზი ისაა, რომ სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე, „პუფები“ ეძახეთ ერთმანეთს. ის ადამიანი რას ლაპარაკობდა, იმას ვერ გაკადრებთ უბრალოდ, ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის გამო. ახლა თქვენი მეთოდები ოპონენტების „გაშავების“, მოდით, ამასაც წერტილი დავუსვათ. უმრავლესობის წევრებს, მათ შორის მე, ვერაფერი რომ ვერ მოგვიხერხეთ, მერე ამბობთ, ეს ჩვენიანი იყო, „ნაცების“ მხარდამჭერიო და ამით „აშავებთ“. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი, მათ შორის 2003 წელს. მსგავსი ჩემი თავისთვის არ მიკადრებია. ტყუილი რომ საფირმო ნიშანია თქვენი, ესეც გასაგებია, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ხომ არ დაგავიწყდათ, გარეთ კი არ იყო მარტო შტურმი და 2-საათიანი დედის გინება პოლიციელების, თავში ჩარტყმები, აქ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები და ელოდებოდნენ,როდის შემოლაგდებოდნენ ისინი გარედან შტურმით“, -განაცხადა მდინარაძემ.