ვინ არიან სუსის ახალი უფროსის მოადგილეები

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს თამაზ ბორაშვილს ამ დროისთვის 3 მოადგილე ჰყავს. ორი მათგანის შესახებ შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა.

სუსის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა გიორგი ბახუაშვილი, რომელიც აქამდე უწყების უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. წლების განმავლობაში იგი ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაშიც მუშაობდა.

მეორე მოადგილე მარიამ ტაბატაძეა, რომელიც მეხუთე თვეა სუსის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს. მანამდე მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

უწყებაში პოსტს ინარჩუნებს ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც სუსის უფროსის მოადგილედ გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მის შესახებ ახალი ბრძანება, რომელიც მის გათავისუფლებას ან სხვა პოზიციაზე დანიშვნას ეხება, ჯერჯერობით არ გამოცემულა.

საკადრო ცვლილებები უწყებაში სუსის ყოფილი მაღალჩინოსნების გადაადგილებას მოჰყვა. კერძოდ, გეკა გელაძის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნების შემდეგ, სუსის უფროსის ვაკანტური პოსტი თამაზ ბორაშვილმა დაიკავა, ხოლო პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადავიდა.