ვის აქვს უფლება შევიდეს ან გამოვიდეს ჩაკეტილი ქალაქებიდან

პუბლიკა

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში რეგისტრირებული პირები დღეს, 15 აპრილის 21:00 საათიდან ვერ დატოვებენ ამ ქალაქების (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ ამ ქალაქების ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა მუნიციპალიტეტებში (მაგალითად, ხაშურში). თუმცა, ის პირები, რომლებიც დატოვებენ ზემოაღნიშნულ ქალაქებს (მუნიციპალიტეტებს) და გაემართებიან რეგისტრაციის ადგილას, ვეღარ შეძლებენ ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) დაბრუნებას.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და  ბათუმში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) არიან რეგისტრირებულნი (და არა ფაქტობრივად მცხოვრებნი).

იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ან რეგისტრირებული არიან ჩაკეტილ ქალაქებთან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) მოსაზღვრე ან მასთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირის მქონე დასახლებებში (მაგალითად წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები და ა.შ.) გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (144)

რა ვადით მოქმედებს შეზღუდვები?

შეზღუდვა მოქმედებს 10 დღის ვადით, თუმცა, შეზღუდვის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

როგორ მოვიქცე თუ მესაჭიროება სამედიცინო მომსახურება ჩაკეტილ ქალაქში?

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (11505).

გვჭირდება გადაადგილება სამსახურებრივი მიზნით. ვის მივმართოთ?

სამსახურებრივი მიზნით, საგამონაკლისო წესით, გადაადგილება დასაშვებია. ასეთი საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულებები, საწამოები, ეკონომიკური სუბიექტები მიმართავებს შესაბამისი დარგის სამინისტროებს, რომლებიც თავის მხრივ, გადაადგილების უფლების მქონე პირთა სიას ათანხმებს ოპერაციულ შტაბთან.

რა ტიპის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, რომ შემიშვან ჩაკეტილ ქალაქში (მუნიციპალიტეტში)?

უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად ექიმი, ადვოკატი და ა.შ.) საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობა.