„ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში... არაა საკმარისი სერიოზული მსჯელობისთვის“ - ვოლსკი „გირჩზე“

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტია „გირჩის“ 7-პუნქტიანი პირობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, მას სერიოზულად არ მიაჩნია შანტაჟის განცხადება, რომ შემოვალთ, თუ ჩვენს ამ მოთხოვნებს შეასრულებთ.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები, ასევე უმრალესობისა და უმცირესობის ფუნქციები, იმიტომ, რომ შეიძლება ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს, სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არსებობს უმრავლესობის პოზიციები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და მათზე მსჯელობა შეიძლება.

მაგალითად, ალბათ უკეთესად უნდა დაასაბუთონ, სკოლების და სასწავლებლების დამოუკიდებლობის, თვითრეგულაციის საკითხებს, რა ფინანსური შედეგი ექნება და რას მოუტანს ჩვენს საზოგადებას. თუნდაც დამოუკიდებელი შერიფის არჩევისა და მოსამართლის არჩევის თემებთან დაკავშირებით.  არ შეიძლება, რომ ბატონი იაგოს განცხადებებზე აიგოს ჩვენი პოზიციია.

არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება – ეს არ არის საკმარისი, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ. გარდა ამისა, შანტაჟის განცხადება, რომ შემოვალთ, თუ ჩვენს ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, არ მგონია, სერიოზული იყოს. თუმცა, რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რა შემთხვევაში შეწყვეტს პარტია „გირჩი“ ბოიკოტს და შევა პარლამენტში? – ამ საკითხზე პარტიის წევრებმა საკუთარი პირობები და გეგმა თანამოაზრეებს უკვე გააცნეს.

„გირჩის“ გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია პარტიის გაზეთის „მეტი თავისუფლების“ სპეციალურ გამოშვებაში, რომელსაც ჰქვია „სამეფოს დაბადება“.

სტატიაში „გირჩის გზა“ მოცემულია ის 7 პირობა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის წევრები მზად არიან, შევიდნენ პარლამენტში.