ვიწყებთ განხილვას საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების სანქცირებაზე – მაიკ მაკფოლი

პუბლიკა

„ჩვენს ჯგუფს, ჯერჯერობით, არ უმსჯელია ადამიანების სანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას და განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან – ვფიქრობ, უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს“, – ამის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ის ჯერ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ პიროვნებებზე, რადგან ამაზე ჯგუფი უნდა შეთანხმდეს.

„ჯგუფი, რომელსაც მე ვუწევ კოორდინაციას, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს; ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ვაძლევთ რჩევას და არა პირიქით.

რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ იმ პირების სიებს, ვისაც სანქციები შეიძლება დაუწესდეს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებულთა სია, რომელიც ათასობით პირს მოიცავს რუსეთის შიგნით.

ჩვენს ჯგუფს, ჯერჯერობით, არ უმსჯელია ადამიანების სანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ მათ საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს.

ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის შესახებ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანასა და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, – აცხადებს მაიკ მაკფოლი.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ინტერვიუს სრული ვერსია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დღეს, 18:30 საათზე გავა.