ვუჰანში 76 დღიანი კარანტინის დასრულება ლაზერშოუთი აღნიშნეს

პუბლიკა

11 კვირის შემდეგ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კარანტინი დასრულდა.

ქალაქის 11 მილიონ მოსახლეს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე უკვე დატოვონ ქალაქი, თუ სპეციალურად კორონავირუსისთვის შექმნილი სმარტფონის აპლიკაცია აჩვენებს, რომ ისინი ჯანმრთელი არიან და ბოლო დღეების განმავლობაში არ იყვნენ კონტაქტში მასთან, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა.

ვუჰანშში ბოლო 21 დღის განმავლობაში COVID-19-ის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა. სწორედ ამიტომ შეზღუდვების ნაწილიც ბოლო პერიოდში შემცირდა.

„ლაზერებით, მდინარე იანგტძის სანაპიროსთან მდებარე ცათამჯრენებსა და ხიდებს ანათებდნენ. შენობებზე ნაჩვენები იყო გამოსახულებები, სადაც ექიმები პაციენტებს ეხმარებიან და გამოსახავენ სიტყვებს „გმირული ქალაქი“. სწორედ ასე უწოდა ვუჰანს ჩინეთის პრეზიდენტმა. სანაპიროებსა და ხიდების გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი. ისინი დროშებითა და სიმღერით აღნიშნავდნენ კარანტინის დასრულებას“, – წერს TIME.

ახლადგახსნილ ხიდებზე, გვირაბებსა და გზატკეცილზე მანქანების მოძრაობა სწრაფად აღდგა. ასობით ადამიანი ელოდებოდა პირველ მატარებელსა და თვითმფრინავის პირველ რეისებს ქალაქის დასატოვებლად.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის 81 802 შემთხვევა ფიქსირდება. სულ გარდაცვლილია 3 333 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 77 279 პირი.