წულუკიანი: დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა

პუბლიკა

„დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია ევროპის გარდა“, – ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია.

„ის, ვინც ბევრს ყვიროდა, ამ სხდომას შლიდა, იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა, ბევრჯერ ახსენებდა სიტყვას ევროპა, ევროპული ინტეგრაცია და ა.შ. მაგრამ მათი ქცევაც კი და მიდგომა პარლამენტისადმი არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ევროპულ სტანდარტში, მაგრამ ეს არ არის მათი მხრიდან.

ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოების არაერთ ჯგუფში, მოქალაქეებმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, გავიხსენოთ, რაც ყველას გვაერთიანებს, რომ უფრო სერიოზულად შევხედოთ, რას ეხება საქმეს. იმედი მაქვს, და მათ მივმართავ პირველ რიგში, ვინც დღეს ანტიევროპულად კიოდა და წიოდა, ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომ რუსეთს არაერთი თავისი აგრესიისა და ბოლოს 2008 წლის ომის შედეგად ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ჩვენ დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მეთოდით გავაგრძელოთ ბრძოლა. იმედი მაქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და გვეთანხმებიან ისინიც და ამაში ერთიანები ვართ.

ის, რომ ჩვენ რეალურად გვინდა ევროინტეგრაცია და არა იმისთვის, რომ მათ მიიკერონ ის იარლიყი, რომელიც მათ არ ეკუთვნით, მონოპოლია ევროპელობაზე და იძახონ, მათ აქვთ უფლება, ვინმეს აქ ჭკუა დაარიგონ. მე მგონი, ხალხს ისტორიული არჩევანი გაკეთებული აქვს. იმედი მაქვს, ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, მაუწყებლობა, მარეგულირებლები – ყველა მსგავსი დაწესებულება და ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო და საჯარო ცხოვრებაშია ჩართული, კანონის ძალით უნდა იყოს გამჭვირვალე, მაშინ არასამთავრობო სექტორიც უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტში საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტებს და განსახილველად წამყვან, იურიდიულ კომიტეტს გადასცეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დათქმით, რომ გადაიხედება ტერმინები. მანამდე უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანს ჰქონდა ინიციატივა რომ ადამიანის დისკრედიტაციის შემცველი დასახელება გადაიხედოს. სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს კანონპროექტიდან ტერმინ „აგენტის“ ამოღებაზე.

კომიტეტის სხდომა ხმაურის და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. კანონპროექტების განხილვას აპროტესტებდნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციონერი დეპუტატები.

პარლამენტის მიმდებარე აქციაზე შსს-მ 36 პირი დააკავა.