წულუკიანი: ისინი გაგზავნიან შიკრიკებს, იმეილებს, ამისთვის არის გიორგი კანდელაკი, ხომ უნდა დაკავდეს?

პუბლიკა

„ეს კითხვარი უნდა შეავსოს ქვეყანამ, მაგრამ 4 მილიონი ადამიანი ვერ დავსხდებით და ერთად ვერ შევავსებთ ერთ დოკუმენტს. ის უნდა შეავსოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამინისტროებმა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კითხვარს შეავსებს აღმასრულებელი ხელისუფლება.

„შემდეგ თუ ვინმეს ექნება სურვილი საპარლამენტო ხელისუფლებიდან, რომ ჩაერთოს, არ მგონია, ვინმემ უთხრას მათ, რომ დახურულიაო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს იქცეს საჯილდაო ქვად.

როგორც უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით იყო, ასე იქნება ახლაც, აღმასრულებელი ხელისუფლება ვავსებდით და ვასრულებდით სამოქმედო გეგმას და ამავდროულად, ყოველ ჯერზე ვუპირისპირდებოდით „ნაციონალური მოძრაობას“, როდესაც ის შეეცდებოდა ეს გამოეყენებინა ხელისუფლების, საკუთარი ხალხისა და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ასე იქნება ახლაც. რა თქმა უნდა, ისინი გააგზავნიან შიკრიკებს, იმეილებს, ამისთვის არის გიორგი კანდელაკი, ხომ უნდა დაკავდეს? დაჯდება და დილიდან საღამომდე დააკაკუნებს კომპიუტერზე. ბევრი საქმე აქვს, რომ როგორმე ჩაშალოს ამ კითხვარის შევსება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთთვიანი ვადა აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები კითხვარის და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ, რათა ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს. მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით კითხვარისა და პასუხების გასაჯაროების წესზე განმარტება ევროკავშირმა უნდა გააკეთოს და ამ დრომდე უცნობია, იქნება თუ არა ხელმისაწვდომი კითხვარი დაინტერესებული აქტორებისთვის.

 

LB loan image desktop LB loan image mobile