წულუკიანი: სააკაშვილს პოზიტიური როლი რომ ჰქონდეს, დღეს იმ გალიაში არ იჯდებოდა

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვას – რა როლი აქვს წინა ხელისუფლებას ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებასა და ინტეგრაციაში? – უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოზიტიური როლი რომ ჰქონდეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ის დღეს გალიაში არ იჯდებოდა.

„მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონდეს პოზიტიური როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ის დღეს იმ გალიაში არ იჯდებოდა. მან ვერ შეძლო დემოკრატიულად ქვეყნის მართვა. მან შეძლო მხოლოდ ვარდების რევოლუცია და ისიც ბევრი ადამიანის ხელშეწყობითa და დახმარებით.

ხავერდოვანი იყო იმიტომ, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ასე ჩათვალა საჭიროდ და დაინდო საკუთარი ხალხი. ის რამდენიმე რეფორმა, რაც გაატარა ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი, იმიტომ, რომ მალე გადაუხვია დემოკრატიის და რეფორმების გზას.

მთავარი არის ის, რომ ჩვენი ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველას აქვს მეხსიერება, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და იციან, რომ ვითომ სახელმწიფოს დამფუძნებელი და აღმაშენებელი ტყუილად არ იმყოფება იქ, სადაც უნდა მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.