წულუკიანი: ვაპირებ, გადავცე გამოძიებას კითხვა, როგორ შეიძლება, უძველესი ადამიანის კბილი ექსპედიციის წევრმა წაიღოს სახლში

პუბლიკა

„მე მართლა ვაპირებ, გადავცე გამოძიებას კითხვა, როგორ შეიძლება, უძველესი ადამიანის კბილი ექსპედიციის წევრმა წაიღოს სახლში და რა მიზანი ჰქონდა. ეს უნდა იკვლიოს გამომძიებელმა, რა იყო მიზანი“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, კბილთან ერთად აღმოჩენილია სხვადასხვა ნივთი: ქვები, ძვლები და ა.შ. მისი მტკიცებით, ეს ნივთები კბილის დათარიღებისთვის მნიშვნელოვანია.

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ ეს ნივთები დოკუმენტაციის გარეშე გადმოიტანეს ოროზმანიდან თბილისში.

„ეს ნივთები, უცნობია თარიღი, უცნობია, როგორ, რა მეთოდით, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადმოტანილ იქნა ოროზმანიდან თბილისში სუპერკომპეტენტური ადამიანების მიერ, რომლებსაც თურმე მე არ ვყვარობ და უნდა ვყვარობდე. ისე, რომ არც აღწერილა, არც ფუთებად შეკრულა და დროებით იყო დასაწყობებული, არაოფიციალურად, ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ ავარიულ შენობაში. ჩვენ გვახსოვს ძველი საბჭოთა შენობები, კარები რომ არის ნაწილი ხის და ზემოთ შუშის. ასეთ ოთახში, სადაც, დამეთანხმებით, შესვლა ადვილია.

გენერალურმა ინსპექციამ ესეც აღწერა ექსპედიციის „კომპეტენტური“ წევრების თანდასწრებით, შეიკრა ფუთებად, დაინომრა და გადაეცა რუსთაველის გამზირზე ეროვნულ მუზეუმს. ახლა უკვე, სულ რამდენიმე დღეა, შეგვიძლია ამ აღმოჩენაზე საუბარი, რომელიც მანამდე მიიჩნეოდა, რომ არის კერძო ჯგუფის საკუთრება იმდენად, რომ სახლშიც შეუძლია ეს წაიღოს. შეგვეძლება უკვე ჩვენი ეროვნული მუზეუმის გამოცდილი, ღვაწლმოსილი მეცნიერების დახმარებით კვლევა, გამოფენა“, – განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ოროზმანში აღმოჩენილი კბილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსპექციამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ტანსაცმლის კარადაში იპოვა.

„ბატონო ალეკო, მე თქვენ როგორც კულტურის მოამაგეს, ასე გიცნობთ. თქვენ კომპეტენტურად თვლით ადამიანს, რომელიც იყო და არის ჯერ კიდევ ამ ექსპედიციის წევრი და როდესაც ეს კბილი გახლავთ, ვინც არ იცის, მათთვის რომ ავხსნათ, უძველესი ადამიანის კბილი, ამოიღეს, პრეზენტაცია გააკეთეს და ამ ადამიანმა ეს კბილი წაიღო სახლში.

ტელევიზიით რომ აჩვენეთ და „ფორმულას“ რომ ათქმევინეთ, რომ აი, ნახეთ, მე კბილი აღმოვაჩინე და ვარ კომპეტენტური? ეს არის შოუ, იაფფასიანი პოლიტიკური შოუ. და რომ ვკითხულობ, რომ ასეთი აღმოჩენა თუ გაკეთდა, სად არის? მუზეუმში შემოტანილი არ არის. პარალელურად ვიცით, რომ ეს ის მუზეუმია, რომლის თანამშრომლებსაც, ზოგიერთს, რომელიც ახლა უკვე გარეთაა, სამი ათასამდე ექსპონანტი აქვს დაკარგული, რა თქმა უნდა, მე ვარ ყურადღებით. კულტურული მემკვიდრეობის გენერალურმა ინსპექციამ კონკრეტული პირის სახლიდან ამოიღო ეს კბილი, ტანსაცმლის კარადიდან. ეს კომპეტენტურობაა? არ მგონია, რომ თქვენ მეტყვით, რომ ეს კომპეტენტურობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ კბილი აღმოაჩინა ექსპედიციამ გათხრების დროს, რომლის ნებართვაც სამინისტრომ გასცა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი.

„კბილი ამ მართლაც არაკომპეტენტურებმა კი არ აღმოაჩინეს, კბილი აღმოაჩინა ერთმა უცხოელმა სტუდენტმა და არქეოლოგიური გათხრა, თუკი მასში მონაწილეობა ოდესმე მიგვიღია, ვიცით, რომ ვის შეხვდება აღმოჩენა არ ვიცით ექსპედიციაში, შესაბამისად, ეს არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული პირის აღმოჩენა, ეს არის ექსპედიციის აღმოჩენა, რომლის გათხრებზე ნებართვა გავეცით ჩვენ. გავეცით ნებართვა იმიტომ, რომ ვთვლიდით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ვერ ვხვდები, რა არის საყვედურის შინაარსი“, – განაცხადა მან.

თეა წულუკიანის მოსმენის დროს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა, მაშინ, როცა მსოფლიო პრესაც კი ამ აღმოჩენაზე საუბრობს, რატომ არ იმჩნევს მას კულტურის სამინისტრო.

„ბატონმა ალეკომ კითხვა დასვა ასე: ყველა ამაზე საუბრობს, BBC და Reuters-იც და თქვენ ამაზე არ საუბრობთო. ჯერ ეს ერთი, მე არა ვარ არც BBC და არც Reuters, ამ ქვეყანაში BBC  არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და Reuters არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველაზე ძალიან მაგარი არხი არის „მთავარი“ და ერთმაც გააშუქა და მეორემაც, საკმაოდ მსუყედ, მე მათ ვერ ჩავანაცვლებ“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოროზმანის აღმოჩენაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.


ოროზმანში აღმოჩენილ 1 800 000 წლით დათარიღებულ ჰომინიდის კბილის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ძეგლის აღმომჩენი არქეოლოგები განმარტებას აკეთებენ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, პალეონტოლოგი და უძველესი კბილის აღმომჩენი ნიკა ვანიშვილი, რომლის სახლიდანაც წამოიღეს კულტურის სამინისტროს ინსპექციის წარმომადგენლებმა არტეფაქტი, არის ღირსეული მეცნიერი. ლორთქიფანიძის თქმით, მეცნიერის გადაწყვეტილება, რომ ექსპონატი ერთი ღამით სახლში შეენახა, კონკრეტული მიზეზით მოხდა. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ ოროზმანში განუცხადა ჟურნალისტებს.

„კბილი ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული და მინდა, დავამატო, რომ ნიკა ვანიშვილი, რომელიც არის რეალურად კბილის აღმომჩენი და რომელიც მიხვდა, რომ ეს კბილი ეკუთვნის ჰომინიდს, არის ძალიან ღირსეული მეცნიერი. მე დარწმუნებულ ვარ, რომ ამ კბილს არაფერი არ ემუქრებოდა. ეს კბილი არის ძალიან ძვირფასი მასალა და დარწმუნებული ვარ, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო სიტუაციის მიხედვით“, – უთხრა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს.

პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი ექსპონატთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა და ამიტომ წაიღო არტეფაქტი სახლში.

„კბილი უნდა განთავსებულიყო განსაკუთრებით დაცულ გარემოში – სეიფში, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მე მარტო ვიყავი პალეონტოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სეიფის გადატანა ისეთ ოთახში, რომელიც უფრო მყარი იყო, სეიფის სიმძიმიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს კბილი ერთი ღამით, 19 სექტემბრის საღამოდან 20 სექტემბრის დილამდე, დამეტოვებინა ჩემს საველე ზურგჩანთაში, შესაბამის ჯიბეში, სადაც ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ დავაბრუნებდი პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, დილით, სადაც მოვათავსებდი კოლეგების დახმარებით ამ სეიფს უსაფრთხო ადგილას და ჩავკეტავდით იმ სეიფში, სადაც ის იქნებოდა უსაფრთხოდ“, – განმარტა ნიკა ვანიშვილმა.