ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად მელიას დაზარალებულებია - კობახიძე

პუბლიკა

„დაზარალებულის თანხმობის ჩადება ამნისტიაში, შეიძლება სასპეკულაციო გახდეს – ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად, მელიას დაზარალებულები არიან”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება დაზარალებულის თანხმობას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება სასპეკულაციო თემა გახდეს. როცა საუბარია მელიას მიმართ ბრალზე, ამას ჰყავს უამრავი დაზარალებული. ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად მელიას დაზარალებულები არიან. წარმოიდგინეთ, ამით ახალი სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ საფუძველი, როცა მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას. მგონი, არ არის მიზანშეწონილი ამის გაკეთება, შესაბამისად, სჯობს, ალბათ ეს არ ჩაიწეროს. თუმცა, დამატებით ვიმსჯელებთ ყველასთან, თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ან ასე სჯობს, ან ისე”,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კონვენციის მუხლებთან შესაბამისობას, კობახიძე ამბობს, რომ არის გარკვეული მუხლები, რომელსაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია.

„ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. თუმცა, გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან, ვფიქრობთ, უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ, არის გარკვეული მუხლები, რომელსაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია. რაც არის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათავლისიწნბეული, ეს არის მათ შორის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ასევე, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს კანონში ამნისტიის შესახებ. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, დეტალებს გაგაცნობთ თუ როგორ იქნება გაწერილი, ის მოიცავს ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა არ მოიცავს იმ მუხლებს, რომლებიც კონვენციას ეწინააღმეგება”, – განაცხადა კობახიძემ.