ყველა პარტიამ უნდა გაუგზავნოს ნათელი მესიჯი მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელია - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკაშირებით განაცხადა, რომ გულდასაწყვეტია ის ინფორმაცია რაც წინასაარცევნოდ საქართველოში ხდება.

კელი დეგნანმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდა, თავიანთ ამომრჩევლებს გაუგზავნონ გზავნილები იმის შესახებ, რომ ძალადობა მიუღებელია.

„მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა. ისევე როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს, ვინც გინდა იყოს ამ ძალადობის უკან. ყველა პარტიის ლიდერმა უნდა გაუგზავნოს ნათელი მესიჯი თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია,“- განაცხადა ელჩმა.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის“ და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.

ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.

30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამ ეტაპზე შსს-ს არავინ დაუკავებია.