ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება - უდუმაშვილი

პუბლიკა

„ვფიქრობ, ახლა ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილი ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის „რუსთავი 2-ის“ ეთერში მომხდარ გუშინდელ დაპირისპირება.

უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ეთერში ურთიერთბრალდებები ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვისაა“ ხელსაყრელი – „თითქოსდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ბზარი არსებობს ოპოზიციას შორის“.

„ვფიქრობ, ახლა ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და ინდივიდუალურად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება. არ არის პრობლემა, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ შევიდეს პარლამენტში, გამოაცხადოს და ვინც რჩება ძველ პოზიციაზე, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ბუნებრივია, გავყვებით იმ გეგმას, რაც არსებობდა“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციას ახლა ბევრად მნიშვნელოვანი გეგმები აქვს განსახორციელებელი.

„ზოგადად არ არის კარგი საყურებელი ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში ხდება. ვფიქრობ, ზოგადად უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები იმ თემაზე, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.


გუშინ, 19 იანვარს „ღამის კურიერში” ერთმანეთს „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილი და „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ერთმანეთისკენ ფიზიკურადაც გაიწიეს.