რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, შეფასება მისცენ იმ პირთა ქმედებებს, რომლებმაც 6 ივნისს თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნა გააპროტესტეს.
6 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა რუსული ენის დაცვისა და ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა, კერძოდ, მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრებმა გააპროტესტეს. რუსული ენის დღე თბილისში წელს მეორედ აღინიშნა.
„ეს იყო ექსტრემისტების პატარა ჯგუფი. არ შევჩერდები დეტალურად მათ მავნებლურ ქმედებებზე იმისთვის, რომ ამ ყველაფერს რეკლამა არ გავუკეთო.
რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართველი ხალხის, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ერთ-ერთი სიმბოლო.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გამოიტანენ დასკვნებს და შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების, ექსტრემისტების თუ ხულიგნების ქმედებებს. უკვე ქართველი სამართალდამცველების საქმეა — მისცენ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია“, – თქვა ზახაროვამ.
„ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში, უკვე დამკვიდრებული მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ალექსანდრე პუშკინის ბიუსტთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს პოეტის ძეგლი. შემდეგ სხვადასხვა თაობისა და ეროვნების ადამიანებმა, სულისა და გულის კარნახით და არა ზევიდან მითითებით, დიდი კლასიკოსის ლექსები რუსულ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა ენებზეც წაიკითხეს“, — თქვა რუსეთიის საგარეო საქმეთა მინისტმა.