ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კონტროლს არ ექვემდებარება - „გაეროს ბირთვული სააგენტო“

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს უზარმაზარი ატომური ელექტროსადგური „კონტროლს არ ექვემდებარება“. ამის შესახებ „გაეროს ბირთვული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ესაჭიროება შემოწმება და შეკეთება.

მნიშვნელოვანია, რომ ელექტროსადგური ახლოს არის ბრძოლის არეალთან. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსების არმიის ნაწილი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული და იქვე ინახავენ სამხედრო ტექნიკას.

BBC-ის ცნობით, ქარხანაში მომუშავე უკრაინელი პერსონალი რუსების ტყვეობის ქვეშ იმყოფება.

ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ სიტუაცია ძალიან რთულია. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ქარხანასთან მიმართებით ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია.

„გაეროს ბირთვული სააგენტოს“ კომუნიკაცია ჰქონდა ქარხნის თანამშრომლებთან და ამაზე დაყრდნობით ისინი აცხადებენ, რომ ქარხანაში სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მიწოდება შეფერხებულია. ასევე, ბევრი ბირთვული მასალა საჭიროებს შემოწმებას.

„სანამ ეს ომი მძვინვარებს, ატომურ სადგურთან მიმართებით უმოქმედობა დანაშაულია. იმ შემთხვევაში, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უბედური შემთხვევა მოხდება, ჩვენ ვერ დავაბრალებთ სტიქიურ, ბუნებრივ უბედურებას – ჩვენ ჩვენს თავებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ჩვენ ახლა ყველას მხარდაჭერა გვჭირდება“, – განაცხადა რაფაელ გროსმა.