ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა — უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ვიზიტის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ამერიკასთან თავდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერებაა.

„უკვე ჩამოვედი შეერთებულ შტატებში. ჩვენი დღის წესრიგი მოიცავს შეხვედრებს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდსა და იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია ანტისარაკეტო თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა“, – წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, „მთელი უკრაინის სახელით“ პატივს მიაგებს რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის ხსოვნას და აღნიშნავს „მის ერთგულებას უსაფრთხოებისა და თავისუფლების მიმართ ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასა და მთელ მსოფლიოში“.

დონალდ ტრამპი 28 ივლისს, სამშაბათს, თეთრ სახლში ცალ-ცალკე უმასპინძლებს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. შეხვედრების მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოება იქნება.

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონის დროით დილის 9:30 საათზე, ოვალურ კაბინეტში, დახურულ ფორმატში გაიმართება. ამის შემდეგ, 11:00 საათზე, ტრამპი ნეთანიაჰუს შეხვდება. დღის ბოლოს ორივე ლიდერი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება.

The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატის ყველა 100 წევრი მიწვეულია ზელენსკისთან შესახვედრად. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სენატი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ტრამპისა და ზელენსკის დღევანდელი შეხვედრა მათ შორის მორიგი პირდაპირი მოლაპარაკება იქნება. ამ თვის დასაწყისში თურქეთში გამართული შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი შეაქო და განაცხადა, რომ მან „შესანიშნავი სამუშაო შეასრულა“. ამავე დროს ის უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების შესაძლებლობას დაჰპირდა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ფილიპინებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ მზად არის სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის, ხოლო ლავროვმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია, თითქოს საჰაერო სივრცეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარებს, ხოლო მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე გახშირებული იერიშები ომის დასრულებას კიდევ უფრო გააჭიანურებს.

უკრაინა აგრძელებს შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, პარალელურად კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს არ წყვეტს.

კიევი დღევანდელი შეხვედრისგან ელოდება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, აშშ-თან თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოებას და ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას.