ზელენსკი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს უკრაინელი ტყვეების ვიქტორ მედვეჩუკში გაცვლას სთავაზობს.

„სიმბოლურია, რომ კოსმონავტიკის საერთაშორისო დღეს დავაკავეთ მედვეჩუკი. ის 48 დღე იმალებოდა. საბოლოოდ მან გაქცევა სცადა. განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ საბრძოლო კამუფლაჟი გამოიყენა შესანიღბად. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას – გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პრორუსი პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა facebook-ზე დაწერა, მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ვიქტორ მედვედჩუკი, პრორუსი, პუტინის მეგობარი პოლიტიკოსია.

პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ლიდერ ვიქტორ მედვედჩუკს 2021 წლის მაისში კიევის სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში და ყირიმში ეროვნული სიმდიდრის მიტაცებაში ედებოდა ბრალი. 2021 წელს ჟურნალმა Forbes-მა მედვედჩუკის ქონება $620 მილიონად შეაფასა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მედვედჩუკი გაიქცა და მას ამ დრომდე ეძებდნენ.