ზუგდიდში გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან „ქართული მარშის“ წევრები მივიდნენ

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან „ქართული მარშის“ წევრები და ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შტაბთან მისვლის მიზანი, უგულავას პირადად ნახვა იყო, თუმცა საარჩევნო შტაბში გიგი უგულავა არ იმყოფებოდა. შიხიაშვილის თქმით, მას სურდა უგულავასთვის ესაუბრა გუშინ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც უგულავასა და „ქართული მარშის“ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი გაბედავას შორის დაპირისპირება მოხდა.

„გიგი უგულავასგან ბოდიშის მოხდას და მის მიერ ჩადენილი საქციელის დაგმობას ვითხოვ. ჩემი აქ მოსვლის მიზანი გიგი უგულავას ნახვაა. მე ვარ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და მოვედი თბილისის ყოფილ მერთან, რათა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობისას მასზე 30 ტომი დაიწერა“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

ადგილზე შიხიაშვილს უგულავას შტაბის წევრებთან და მხარდაჭერებთან ერთად,  შტაბის ხელმძღვანელი ბართლომე შელია დახვდა. მისი შეფასებით, „ქართული მარში“ საარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობს.

„„ქართული მარში“ პირდაპირ ხელისუფლების ინტერესის გამტარებლები არიან. იციან, რომ ხელისუფლებას შანსი არ აქვს და იყენებენ ამ მეთოდებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალონ“, – განაცხადა შელიამ.


გუშინ, „საქართველოს ბანკის“ შენობის სიახლოვეს, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავდა აყვანილი, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და „ქართული მარშის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

უგულავას ცნობით, გაბედავა ამბობდა, რომ მძევლად აყვანილი ადამიანი არის „ზონდერი“, რასაც მოჰყვა მათ შორის დაპირისპირება.