1 დაღუპული, 3 დაჭრილი – შსს პანკისში მომხდარზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პანკისში დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 1 და დაჭრილია 3 ადამიანი.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახმეტის საკრებულოს წევრის, შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, პანკისში დღეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება მოხდა.

მისივე თქმით, პირადი დაპირისპირების საფუძველი პანკისის ხეობაში ჰესების აშენების საკითხი იყო. კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარე ეთანხმებოდა ჰესის მშენებლობას, მეორე ეწინააღმდეგებოდა.

ამავე ინფორმაციას „პუბლიკასთან“ საუბარში რამდენიმე პანკისელიც ადასტურებს.

ასეთივე ინფორმაცია აქვს EMC-ის წარმომადგენელ თამთა მიქელაძესაც.


დაახლოებით 2 წელია, პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი აქტიურად აპროტესტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობას, რის თაობაზეც სასამართლოშიც მიმდინარეობს დავა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ჰესების ნებართვების დოკუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელია და სათანადოდ არ არის შესწავლილი ჰესების მშენებლობისგან გარემოზე ზემოქმედების რისკი, მათ შორის, სასმელ წყალზე ზეგავლენა. ხეობაში უკვე აშენებული ჰესების გამოცდილებიდან გამოდინარე, ადგილობრივები მიუთითებენ პატარა ხეობაში ჰესების კასკადის (მთლიანობაში 4 ჰესის) დამაზიანებელ გავლენას მათ უნიკალურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსზე.

2019 წლის 21 აპრილს „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების საკითხს ადგილზე მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. პოლიციამ შეკრებილი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა გამოიყენა საპოლიციო ძალა, ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების სახით.